შვედეთის ელჩი - ევროპული ინტეგრაციის საფუძველია ეროვნული ერთიანობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მტკიცე დაცვა, შვედეთი განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას
შვედეთის ელჩი - ევროპული ინტეგრაციის საფუძველია ეროვნული ერთიანობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მტკიცე დაცვა, შვედეთი განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმაც.

როგორც შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ფართო და ინკლუზიური დისკუსია გაიმართა.

„პირველ რიგში, მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასეთი ფართო და ინკლუზიური დისკუსია ევროკავშირის შესახებ, საქართვლეოს ევროპულ ინტეგრაციაზე. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან და საქართველოს მოქალაქეებთან. ძალიან საინტერესო განხილვა იყო, საინტერესო კითხვებით“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

შვედეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ფუნდამენტური საფუძველია ეროვნული ერთიანობა, დემოკრატიის დაცვა. მისივე განცხადებით, შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას.

„საკმაოდ მოკლე ვადაში ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მოსაზრებას, შემდეგ კი ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებს. არ მინდა სპეკულირება ან ნაადრევი კომენტარების გაკეთება ევროკომისიის მომავალ დასკვნასთან და არც ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, სამი საკითხია. პირველი, ევროპული ინტეგრაცია ეს ხანგრძლივი ამბავია. მეორე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ხანგრძლივი პროცესის დროს და როგორც მეგობარი, ჩემი რჩევა იქნება, ძლიერი ეროვნული ერთიანობა, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის ჩვენი საერთო ღირებულებები. ეს ღირებულებები ევროკავშირის ფუნდამენტია. ეს არის საფუძველი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და მესამე. შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას.

მე მხოლოდ ჩემი და ჩემი საელჩოს სახელით შემიძლია საუბარი, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მართლმსაჯულებაში მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმება არსებობს, რომ მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და ნდობისთვის მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მრავალი რეფორმა განხორციელდა და ამისთვის არსებობს კარგი გზამკვლევი ასოცირების შეთანხმებაში, ასოცირების დღის წესრიგში, 19 აპრილის შეთანხმებაში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, ვენეციის კომისიაში. როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ საქმეებს, კომენტარს არ გავაკეთებ ინდივიდუალურ საქმეებზე. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ. ვინიშნავთ გაკეთებულ შეფასებებს“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

დატოვე კომენტარი