შვედეთის ელჩი - ინკლუზიური ზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებით მიიღწევა
შვედეთის ელჩი - ინკლუზიური ზრდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებით მიიღწევა

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი კარგი პოტენციალია, ხოლო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის განხორციელება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორთან“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში განიხილეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი უფრო ახლოს ევროპასთან“, რომელიც ქართული მომსახურების სექტორის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციას და ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სამწლიანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.3 მილიონი დოლარია და მისი სამიზნე ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება. პროექტის განხორციელებას „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“ უზრუნველყოფს და მასში საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იქნება ჩართული.

პროექტი სამი კომპონენტისაგან შედგება: ანალიტიკური კომპონენტი, რომელიც პროექტის ბენეფიციარების შერჩევაზეა მიმართული; ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც 100 ბენეფიციარ კომპანიას შეეხება და მცირე გრანტებსაც მოიცავს. აღნიშნული 100 კომპანიიდან 60 სამი წლის განმავლობაში შვედეთში იქნება მივლინებული და იქაურ გამოცდილებას შეიძენს. მესამე კომპონენტი 500-ზე მეტი ბენეფიციარ კომპანიას მოიცავს, რომელთა საქმიანობასაც ევროპელ მომხმარებელს ადგილზე გააცნობენ. ამ მიზნით, შვედი და ქართველი ჟურნალისტები შვედეთსა და საქართველოში იმოგზაურებენ. ამ კომპონენტის ფარგლებში სამი გამოფენა მოეწყობა.

პირველი კომპონენტის ფარგლებში უკვე შერჩეულია სამი მიმართულება: ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიები; ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის კომპანიები. კვლევის შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება, რაც ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.

შვედეთის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება, რაც ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

„ეს არის შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი უკვე მოქმედი პორტფელის ერთგვარი გაფართოება, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევროპაში ინტეგრაციას ემსახურება. ამ პროექტში მიკრო და მცირე საწარმოები იქნებიან ჩართული. ჩემი აზრით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი პოტენციალი არსებობს. მთავარი იდეა სწორედ მათი მხარდაჭერაა. ეს არის ერთგვარი გზა, დავეხმაროთ მცირე და საშუალო კომპანიებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი, გაზარდონ წარმომადაგენლობა საერთაშორისო ბაზარზე და მხარი დავუჭიროთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში. ეკონომიკური ზრდა ზოგადად პოზიტიური ტენდენციაა, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ზრდა შესაძლოა, უფრო ინკლუზიური იყოს. ამის განხორციელება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებითაა შესაძლებელი“, – განცხადა შვედეთის ელჩმა.