შვედების მწვრთნელი არ ამხელს, ითამაშებს თუ არა ზლატანი ბათუმში - ის საოცრად კარგად გამოიყურება #1TVSPORT
შვედების მწვრთნელი არ ამხელს, ითამაშებს თუ არა ზლატანი ბათუმში - ის საოცრად კარგად გამოიყურება #1TVSPORT

შვედეთის ვაჟთა ნაკრები 2 დღეა დედაქალაქ სტოკჰოლმში ემზადება და საქართველოსთან ხუთშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის სათამაშოდ ბათუმში გვესტუმრება. „ლურჯ-ყვითლებს“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი დარჩათ საქართველოსთან და ესპანეთთან და შეუძლიათ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

გუნდშია ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. „მილანის“ თავდამსხმელს სერია A-ში სამი გოლი აქვს გატანილი და მილანურ დერბიში „ინტერის“ (1:1) წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა პრესკონფერენცია გამართა და არ დამალა, რომ 40 წლის ფეხბურთელის დაბრუნებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„რაც შეეხება ზლატანს და მის ფიზიკურ მდგომარეობას, დაახლოებით ერთი კვირის წინ ის ცოტა მძიმე ჩანდა, მაგრამ ახლა საოცრად კარგად გამოიყურება. ასე რომ, ფორმაში სწრაფად შედის. ბოლოს ზლატანი ნაკრებში მარტის შეკრებაზე იყო. ის სუპერპროფესიონალია, რომელიც მოვიდა გუნდში და მაშინდელ წარმატებულ თამაშებში ფანტასტიკური წვლილი შეიტანა. ის არის გუნდის 26 მოთამაშიდან ერთ-ერთი, მაგრამ დიდი გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გამოგვადგება“, – თქვა იანე ანდერსონმა.

კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი – ზლატანი მზად არის თუ არა, რომ საქართველოსაც და ესპანეთთან ორივე მატჩშიი ითამაშოს. მაგრამ ანდერსონმა პასუხის გაცემა არ ისურვა და არაფრისმთქმელი ფრაზებით შემოიფარგლა.

ზლატანს, როგორც ფეხბურთელს დიდი გამოცდილება აქვს. ველოდები, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მან იგივე გააკეთა გაზაფხულზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთი მატჩების დროს“.