„შუქურაში“ დაადასტურეს - გუნდი ხვალ ახალ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილს წარადგენს #1TVSPORT
„შუქურას“ მთავარ მწვრთნელად ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ქობულეთის კლუბში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, წყალტუბოს „სამგურალთან“ 0:5 მარცხის შემდეგ გუნდი არგენტინელმა კარლოს გონსალესმა დატოვა, რომელიც „შუქურაში“ 3 სექტემბერს დაინიშნა. მადრიდის „რეალის“ ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელისთვის (რომელსაც ასევე უმუშავია „ნიუკასლში“, მექსიკის, ირანისა და არაბულ კლუბებში) ქართული კარიერა ხანმოკლე გამოდგა და გუნდთან კონტრაქტი ურთერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. როგორც საქართველოს პირველმა არხმა შეიტყო, 78 წლის რევაზ ძოძუაშვილთან კონტრაქტს „შუქურა“ ხვალ გააფორმებს და ის გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. მას მარეკ შეველიოვი დაეხმარება, რომელიც „შუქურა 2“-ის მთავარი მწვრთნელია.
რევაზ ძოძუაშვილი იყო ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების (1969–1974) წევრი. არის 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ აღიარეს საბჭოთა ჩემპიონატის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად, ხოლო 1972 წელს ევრო 1972-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
რევაზ ძოძუაშვილს უნიკალური კარიერა აქვს – იყო მოთამაშე, მსაჯი, ხოლო 1976 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო. მსგავსი ფაქტი ფეხბურთის ისტორიაში ძნელი მოსაძებნია. ძოძუაშვილი წამყვანი კლუბების და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ბოლო გუნდი ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ავარჯიშებდა, იყო ქუთაისის „ტორპედო“ (2014), 2017-2018 წლებში სოხუმის „დინამოს“ წვრთნიდა, ხოლო წელს მეოთხე ლიგის მარნეულის „ალგეთში“ კონსულტანტად მუშაობდა.