შუქურამ ლიდერობა განიმტკიცა - აფრიკელმა ლეგიონერებმა შედეგიანად ითამაშეს
შუქურამ ლიდერობა განიმტკიცა - აფრიკელმა ლეგიონერებმა შედეგიანად ითამაშეს

ეროვნულ ლიგა2-ში მე-13 ტურის ორი დარჩენილი მატჩი გაიმართა და პირველი სათამაშო დღისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ მასპინძლებმა მოიგეს – თანაც დამაჯერებელი ანგარიშებით.

ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ „შუქურამ“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა უპირატესობა საწყის წუთებში მოიპოვა და პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, საბოლოოდ კი მეტოქე 5:0 დაამარცხა. ქობულეთელებიდან ლევან ხმალაძემ დუბლი (12, 18) შეასრულა, 1-1 გაიტანეს დიმიტრი ტატანაშვილმა (35), ჯეფერსონ ჯერალდომ (59) და რომან ჩაჩუამ (70).

კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართული შეხვედრა „მერანსა“ და თბილისის „შევარდენი 1906“-ს შორის. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სტუმრებს ნამდვილი ქარიშხალი მოუწყვეს და 5 გოლი გაუტანეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა მარტვილელთა ლეგიონერმა შეიკნე სილამ (4, 40, 45), თავი ასევე გამოიჩინეს ამირან როხვაძემ (36) და გაბრიელ საღრიშვილმა (44). აღსანიშნავია, რომ 26 წლის მალელმა თავდამსხმელმა მარტვილელთა რიგებში მეხუთე მატჩი ჩაატარა, აქამდე კი გატანილი არ ჰქონდა. თბილისელებმა მეორე ტაიმში სხვაობის შემცირება შეძლეს – სტუმართა 21 წლის განელმა თავდამსხმელმა რაფიქ ამინუმ დუბლი შეასრულა (50, 71) და საბოლოოდ, „მერანმა“ 5:2 გაიმარჯვა.

13 ტურის შემდეგ, ქობულეთის „შუქურა“ 27 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე წყალტუბოს „სამგურალია“ (22), მესამე-მეოთხეზე „გაგრა“ (20) და „მერანი“ (19) მოდიან. ბოლო ადგილებზე კი „შევარდენი 1906“ (13) და „არაგვი“ (8) არიან.