„შუქრუთი პლიუსის“ წარმომადგენელი - აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, ზარალის დასათვლელად ექსპერტიზის ბიუროს მიმართონ
„შუქრუთი პლიუსის“ წარმომადგენელი - აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, ზარალის დასათვლელად ექსპერტიზის ბიუროს მიმართონ

შუქრუთში აქციის მონაწილეების მოთხოვნებს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ გამოეხმაურა.

კომპანიის წარმომადგენლის, დავით სალაძის თქმით, კომპანია მზად არის საკითხი დიალოგის რეჟიმში მოაგვაროს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, ზარალი დათვალოს სამხარაულის ექსპერტიზამ. დაზარალებულებს შეუძლიათ, მიმართონ ექსპერტიზის ბიუროს“, – განაცხადა სალაძემ.

დავით სალაძის ინფორმაციით, აქამდე კომპანიამ სოფელში კომპენსაცია 15 ოჯახს გადაუხადა.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, კომპანია კი უარს ამბობს, მათ სრული კომპენსაცია გადაუხადოს.