შუქრი ბურჭულაძე – რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

09:31, 06.10.2026

რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

შუქრი ბურჭულაძე ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.

ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება“ ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, – წერს შუქრი ბურჭულაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

მსგავსი