შუახევში საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა
შუახევში საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა, რომლითაც მთიან აჭარაში მცხოვრები ფერმერები ისარგებლებენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს, აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები.

მეურნეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.

„შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მიეცეს“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ასევე დღეს გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.

პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.