შუახევში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა
შუახევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შსს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის ორი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.
დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა სავარაუდოდ მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ შსს-ში.