ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ გასვლაზე „ლინცის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.
წინა ტურში შინ კონკურენტ ვენის „აუსტრიასთან“ წაგებამ ქართველის გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. „აუსტრია“ „შტურმს“ ქულებით დაეწია და დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო, ამიტომ გრაცელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.
ანგარიში „შტურმმა“ 48-ე წუთზე გახსნა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დარტყმა ზუსტი გამოდგა და კიტეიშვილმა „შტურმს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ გასვლაზე ვენის „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა – ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 29 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 36 ქულა დააგროვა და „აუსტრიის“ თამაშამდე პირველ ადგილზე გადავიდა. „ვოლფსბერგერი“ (33) კი მესამე პოზიციაზეა.
ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.