„შტადლერ რეილ ეი ჯი“ თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს
„შტადლერ რეილ ეი ჯი“ თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი” (Stadler Rail AG) თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს.

კომპანია STADLER-ის პრეზიდენტი  პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს შეხვდა და რეგიონული შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე მზადყოფნა მიმდინარე წლის ივნისში გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც „შტადლერსა” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში სამი შესაძლო ადგილი განიხილება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.