შსს-თან აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირები ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა
შსს-თან აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირები ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციის დროს დაკავებული პირები ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ მოინახულა. ის ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსისის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, თუმცა ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ.

გიორგი მახარაძის განცხადებით, ცხრა დაკავებულ პირს შორის ერთ-ერთს, დავით კაპანაძეს თვალის არეში დაზიანებები აქვს, რომელიც ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მანქანაში პოლიციამ ხელბორკილის გამოყენებით მიაყენა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დავით კაპანაძეს თვალის არეში ორი ნაკერი დაადეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავს სახალხო დამცველის აპარატსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

რაც შეეხება სხვა დაკავებულ პირებს, გიორგი მახარაძის თქმით, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩივილები არ აქვთ.

„მოვინახულე  ცხრა ადამიანი. ცხრავე არის დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ყველასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არ ყოფილა მათი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, ბატონ დავით კაპანაძეს მიყენებული აქვს დაზიანებები თვალის არეში. მას ორი ნაკერი დაადეს საავადმყოფოში. აქ საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყეს ორჯერ, როგორც თვალში, ასევე თავში, რაც ხილულია და პირდაპირ ეტყობა ეს დაზიანება ადამიანს. საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ, როგორც სახალხო დამცველს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მას ახსოვს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენც ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველა დამნაშავე პირი, რომელმაც გადაამეტა თავის პასუხისმგებლობას, დაისაჯოს. ესეთი ქმედებები არის დაუშვებელი“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ორთაჭალაში შსს-ს შენობასთან დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის დაკავებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.