შსს სოფელ ოკამში სხეულის განზრახ დაზიანების, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს სოფელ ოკამში სხეულის განზრახ დაზიანების, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს. გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.