შსს – სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა პირის მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, დამონტაჟებული ფოტო-ვიდეომასალა, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

18:32, 02.08.2026

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„სოციალურ ქსელში, ეთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი