შსს-ში მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა [ვიდეო]

პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. მისი გამოკითხვა შსს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სუბელიანს საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. მისი საგამოძიებო უწყებაში ყოფნის კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

მანამდე სამინისტროში ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯანაშიას ბიძა და მამა, რომელთა გამოკითხვა დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა და მისმა ოჯახმა საქართველო დატოვეს. პირველი არხი დაუკავშირდა მირზა სუბელიანს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მიზანმიმართული ტყუილი გავრცელდა მასთან მიმართებით.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.