შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა დასრულდა
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა დასრულდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე ინციდენტის ორმა მოწმემ უკვე დატოვა. 51-ე სკოლის ფიზიკის პედაგოგი და ერთი არასრულწლოვანი გამოკითხვაზე თითქმის სამი საათი იმყოფებოდნენ. მათ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და განმარტეს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული, რის გამოც,გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

„ხელი მოვაწერეთ გაუთქმელობაზე, ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. დღეს რაიმე ახალი კითხვები არ დასმულა საგამოძიებო უწყების მხრიდან“, – განმარტა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გუშინ განახლდა. ამ დროისათვის 7 მოწმეა გამოკითხული, მათგან ხუთი არასრულწლოვანია, ორი კი 51-ე სკოლის პედაგოგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1-ელ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს სხდომაზე დაადგინა.

სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.