შსს-ში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებული ოთხი პირი გამოიკითხა
შსს-ში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებული ოთხი პირი გამოიკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებული ოთხი პირი გამოიკითხა. მათ შორის საუბარია ავტობუსისა და კაფეს დაზიანების ფაქტებზე.

ერთ-ერთი ღია კაფეს მეპატრონე ამბობს, რომ მან ტელევიზორში ნახა, თუ როგორ აზიანებდნენ მისი ობიექტის ინვენტარს აქციის მონაწილეები, დილით ადგილზე მისვლის შემდეგ კი, ყველაფერი განადგურებული დახვდა. საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა იმ ავტობუსის მძღოლთანაც, რომელიც აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს და გზა გაადაკეტინეს.

დამირბიეს ყველაფერი. ღამის პირველზე წავედი სახლში და დილას რომ მოვედი, ყველაფერი დარბეული იყო, მაგიდა, სკამები ქოლგები. ტელევიზორში სახლიდან ვუყურებდი. კაფეს ვიდეოთვალი აქვს და უნდა ამოიღონ ჩანაწერები“, – განაცხადა ობიექტის მფლობელმა, მზიური შონიამ.

გარდა ამისა, დღეს მელიქიშვილის N13-ში მცხოვრები ორი პირიც დაიკითხა. როგორც ერთ-ერთმა, მარიამ მაშანეიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეებს, სახე დაფარული ჰქონდათ და შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება არ შეუძლია.

„ძლიერმა ხმაურმა გამაღვიძა, გამოვედი გარეთ, გაოგნებული ვიყავი, რა ხდებათქო, ამას მოყვა აგრესია, ზოგი მეუბნებოდა ძირს ჩავსულიყავი, ზოგი მაგინებდა, იყო ქვების სროლა“, – განუცხადა მარიამ მაშანეიშვილმა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოკითხვის შემდეგ.