შსს-ში ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გაკეთდა
შსს-ში ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გაკეთდა

ახალქალაში დღეს მომხდარ ინიციდენტზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საუბარია ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლი შეაჩერეს. მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აცხადებენ შსს-ში.