შსს-ში ადასტურებენ, რომ მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი „ბაუჰაუს“ თანამშრომელია
შსს-ში ადასტურებენ, რომ მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი „ბაუჰაუს“ თანამშრომელია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი „ბაუჰაუს“ თანამშრომელია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

„თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“ ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.