შსს-ში აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 13 ივნისს დაკავებულ მწყემსს ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადმოსცემენ
შსს-ში აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 13 ივნისს დაკავებულ მწყემსს ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადმოსცემენ

სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს 13 ივნისს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ.ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინციდენტის დეტალების დასადგენად.

„პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა“,- განმარტეს შს სამინისტროში.