შსს-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ
შსს-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს რუსთაველის გამზირზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს დაიცავს აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

„რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.