შსს-ში აცხადებენ, რომ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე მოწმეთა ჩვენებების შეჯერების შემდეგ უწყება სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას შეძლებს
შსს-ში აცხადებენ, რომ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე მოწმეთა ჩვენებების შეჯერების შემდეგ უწყება სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას შეძლებს

42 წლის ლევან სიგუას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა მოწმეთა ჩვენებების შეჯერების ეტაპზე გადადის რის შემდეგაც, სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას შეძლებს.

ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყების ცნობით, ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლები მოწმეებს კითხავდნენ.

„გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს დღის ბოლომდე დაადგენს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სიგუას ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ორი გამჭოლი ჭრილობა აქვს.

გამოძიება მკვლელობის საქმეზე სსსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ადასტურებენ, რომ გამოძიება ამ დროისთვის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის სიგუას ბიზნესთან დაკავშირებული მიმართულებითაც.

შეგახსენებთ, რომ მეზობლების ინფორმაციით, ლევან სიგუას სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ის გუშინ დოლიძის ქუჩაზე კორპუსთან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

დატოვე კომენტარი