შსს-ში აცხადებენ, რომ კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, უწყების ყოფილი თანამშრომელია
შსს-ში აცხადებენ, რომ კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, უწყების ყოფილი თანამშრომელია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

როგორც ბოცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ბრალდებულმა აიყვანა მოქალაქეები, რომელიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგადაც გაათავისუფლა. მოლაპარაკებების შემდგომ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია.

მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. ის იყო საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. იყო საკმაოდ აღელვებული. გატარდა ყველა ღონისძიება, რათა ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო ისე, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს მოთხოვნა ჰქონდა, რომ პოლიციას მისთვის მანქანა მიეყვანა, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებას გეგმავდა.

„მოთხოვნა ჰქონდა რომ, სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. მან რამდენიმე დღის წინ მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია, ეს ფაქტიც გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. განცხადების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია მუქარის ფაქტზე. ვინ ემუქრებოდა ეს გამოძიების საგანია. ის გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ის იყო შსს-ს თანამშრომელი.

2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები პირადი პატაკის საფუძველზე“, – განაცხადა ბოცვაძემ.

შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.