შსს-ში აცხადებენ, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება გრძელდება
შსს-ში აცხადებენ, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება გრძელდება

რა ეტაპზეა ყოფილ მთავარ პროკურორს და ყოფილ გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიება 10 თვის თავზე, უცნობია.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ძიება გრძელდება.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი კი, ძიების შეწყვეტას ელოდება.

როგორც გაგი მოსიაშვილმა პირველ არხს უთხრა, ოთარ ფარცხალაძე მოწმის სახით არის დაკითხული და მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არ აქვს ვალდებულება, პროცესის მიმდინარეობაზე მას ინფორმაცია მიაწოდოს.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში ფარცხალაძე დაკითხეს, საგამოძიებო ორგანოსთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

“ჩემი აზრია, რომ თუ კი აქამდე არ შეწყვეტილა გამოძიება, მისი შედეგი იქნება შეწყვეტა, რადგან ოთარ ფარცხალაძის ქმედებებში რაიმე დანაშაული არ იკვეთება”, – განაცხადა ადვოკატმა.

გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე – ცემის მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ თორდიას განცხადებიდან ხუთი დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა. გამოქვეყნდა მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც.