შსს - შეკრებიდან მალევე აქციის აგრესიულმა წევრებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფარგლებში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შსს-ს განმარტებით, შეკრების დაწყებიდან მალევე საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანებს, პიროტექნიკას და აალებად ნივთებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.
პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.