შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შვიდ კოვიდცენტრში „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ
შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შვიდ კოვიდცენტრში „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კორონავირუსზე „პისიარ“ მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტესტირების ჩატარებაზე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, „პისიარ“ ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1 000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

სამინისტროს თანამშრომელთა სიმრავლიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ცენტრების ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა შვიდი კოვიდცენტრი: თბილისში, თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

აღნიშნულ ცენტრებში კოვიდანალიზისათვის აღებული ნიმუშების თბილისის „პისიარ“ ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თავად ახორციელებს. ნიმუშის აღებისთანავე ხდება „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ პორტალზე პირთა რეგისტრაცია, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შესაბამის პროგრამაში აიტვირთება“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.