შსს-ს სტატისტიკით, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გასამმაგდა
შსს-ს სტატისტიკით, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტები გასამმაგდა

საქართველოში ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. კერძოდ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იანვარში ირანის 576 მოქალაქეს ეთქვა, თებერვალში 564 მოქალაქეს. 2018 წელს, 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში ირანის 3224 მოქალაქე არ შემოუშვეს. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოში მიმდინარე წლის მარტში სულ 3098 მოქალაქე არშემოუშვეს, მათგან 58 პროცენტი სწორედ ირანის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-მარტში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის სამ თვესთან შედარებით, 56.5 პროცენტით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ირანის მოქალაქეებისთვის შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი შემოშვება საქართველოში.

ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, მარტში უარი შემოსვლაზე საქართველოში ეთქვათ ინდოეთის 404, აზერბაიჯანის 228, თურქეთის 130, თურქმენეთის 66, სომხეთის 62, რუსეთის 61 და უზბეკეთის 40 მოქალაქეს.