შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ათი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

14:28, 21.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს, მათგან ათი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

„ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; სამი შემთხვევა კი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში; კორონავირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც; ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში; ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში; ორი შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

ასევე, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

„შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი