შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

10:47, 10.11.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო გამოფენას, „ევრონავალს“ (EURONAVAL) დაესწრო, სადაც დელეგაციის წევრები საზღვაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ.

„ევრონავალი“ საზღვაო სივრცის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქალაქ ბრესტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის შენაერთებსაც ეწვია. შეხვედრები საზღვაო ინფორმაციის თანამშრომლობისა და სიტუაციური ცნობიერების, ასევე საზღვაო ოპერაციების ცენტრებში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ერთიანი ოპერაციული სურათის მართვისა და ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მსგავსი