შსს-ს ორ თანამშრომელს და ერთ დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:47, 16.09.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია ასევე დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი