შსს-ს მიერ ე.წ. ქურდული სამყაროსთან ბრძოლის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა
შსს-ს მიერ ე.წ. ქურდული სამყაროსთან ბრძოლის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა

75 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები კონკრეტდება და ქართულ კანონმდებლობას ისეთი ტერმინები ემატება, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება”.

ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს” ცნება დანაშაულებრივი შეთანხმების მოდელზე დაყრდნობით ყალიბდება და კანონპროექტში განმარტებულია, რომ „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობაა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

ამასთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განმარტება ემატება და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაა – „ქურდული სამყაროს” წევრის ან „კანონიერი ქურდის” მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია – დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს” წევრისთვის,„კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან გავლენის მოპოვება.

გარდა ამისა, „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტებაც არსებითად იცვლება. კერძოდ, ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს“ წევრია პირი, რომელიც „ქურდულ სამყაროს“ აღიარებს, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. ასევე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ მზადყოფნას გამოხატავს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასჯადი ხდება არა სოციალური სტატუსი, არამედ „ქურდული სამყაროსადმი“ (დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი) კუთვნილება. პირის „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება, პასიური წევრობა სახეზეა, როდესაც არსებობს პირსა და „ქურდულ სამყაროს“ შორის ორმხრივი კავშირი.

კანონით განმარტებულია „კანონიერი ქურდის“ ტერმინიც და ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.

„ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ „კანონიერ ქურდს“ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებასთან ერთად ასევე მოეთხოვება დააკმაყოფილოს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმები (მაგალითად, დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობის მიღება). ეს მიდგომა ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ეფექტიანი დევნის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. თუ ორგანიზებული დანაშაულის მეთაურების დასჯადობა მათ მიერ დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობას დაემყარა, ეს მათ სისხლისსამართლებრივ დევნას შეუძლებელს გახდის.

ამასთან, კანონში „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტებაც შეიცვალა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, „ქურდული გარჩევა“ არის – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

ასევე, ცვლილებით  გათვალისწინებულია „ქურდული შეკრების“ ცნების შემოტანაც. კერძოდ, „ქურდულ შეკრებად“ ჩაითვლება – ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების, წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური,მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის,გადაწყვეტის მიზნით.

ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადი ხდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური,მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა,გადაწყვეტა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ეფექტიანი გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა ე.წ. “ქურდული სამყაროს” და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, ასევე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება. დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.