შსს-ს ინფორმაციით, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ერთი პირი დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ლაშა ნაკაიძეს „მთავარ არხზე“ დილის გადაცემა მიჰყავდა. ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.

ამასთან, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „მთავარი არხი“.

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.