შსს-ს ინფორმაციით, ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილით გათავისუფლდნენ
შსს-ს ინფორმაციით, ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილით გათავისუფლდნენ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილით გათავისუფლდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ახალქალაქში დღეს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დღეს ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ში კომენტარი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც გაკეთდა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლი შეაჩერეს. მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აცხადებდნენ შსს-ში.