შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორმა გელა კვაშილავამ ტელეკომპანია „პირველს“, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, სამოქალაქო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორმა გელა კვაშილავამ ტელეკომპანია „პირველს“, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, სამოქალაქო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე ტელეეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაავალა.

2021 წლის 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაში დაადანაშაულა, ასევე ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.

სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.