შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

12:39, 07.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტროსასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი