შსს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება
შსს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ 17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები.

„ამასთან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“, – აცხადებენ შსს-ში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პოლიცია მოწოდებულია, დაიცვას როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.

„შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი