შსს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დენის კულანინს საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით შვიდდღიანი ვადა დაუწესდა

14:44, 04.09.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დენის კულანინის მიმართ.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე.

„მიმდინარე წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დენის კულანინის მიმართ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოდან გაძევების თაობაზე. ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა შვიდდღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით. სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ხუთი წლის ვადით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დენის კულანინი გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის იყო დაკავებული და იმ პირთა შორის მოხვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 28 აგვისტოს შეიწყალა.

მსგავსი