შსს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს წარადგენს
შსს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს წარადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობას დღეს წარუდგენს.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს და ინიციატივა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იქნება.

„დღეს ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა ძალიან აიწია. შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში საკანონმდებლო ჩარჩო შესაცვლელია. თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქნება წარდგენილი, ჯერ მთავრობას წარედგინება და შემდეგ პარლამენტს. ცვლილებები ითვალისწინებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ამ მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.