შსს - „ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია წარმოადგენს ფეიკნიუსს
შსს - „ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია წარმოადგენს ფეიკნიუსს

„ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია წარმოადგენს ფეიკნიუსს, – აცხადებს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით. სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. „ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

„ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსს“. სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან სამ კმ-ში, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.