შსს - პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია, საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია, საქმიანობა განაგრძოს
შსს - პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია, საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია, საქმიანობა განაგრძოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, უწყების ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს დღეს 18 ადამიანი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, როგორც სამინისტრო აცხადებს, უწყების დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

უწყება აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება.