ალექსანდრე დარახველიძე – აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულიად ძალადობრივი გახდა

01:01, 01.12.2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, თუმცა საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით ნათლად ხედავს, რომ შეკრებილები მასობრივად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებული სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები, რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს.

„იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება, გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი