შსს პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.