შსს მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორი პირი: 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა.

სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით – დანაშაულის დაფარვისთვის, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსჯავრდებულის – უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს საქმის პროკურორმა დაადასტურა.