შსს-მა დანაშაულის პრევენციის მიზნით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მა დანაშაულის პრევენციის მიზნით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მა დანაშაულის პრევენციის მიზნით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ რვა პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ბრაუნინგისა“ და კალაშნიკოვის სისტემების ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.

გარდა ამისა, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ: „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი პისტოლეტი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ორი ხელყუმბარა, ორი ამფეთქი ფალია, სამი მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა. აღნიშნული მოქალაქეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული  15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი“, 17 გრამი „მეტამფეტამინი“ და  სხვ. ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს – 6, ირანის – 5 და ავსტრიის – 1 მოქალაქეა.“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.