შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ დაბა წყნეთში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული კ.ჯ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.