შსს-მ თურქეთის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი – 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული ე.ბ., თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
„პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.