შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.