შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდები და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.