შსს-მ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.