შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი – 1961 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება.

„დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბრაუნინგის“ ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ერთი ვაზნა.

პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი, საბრძოლო შაშხანა, „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, ექვსი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის შვიდი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ორი მჭიდი, რვა ამფეთქი ფალია და ორი დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1 380 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.